სადისციპლინო გადაწყვეტილება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 11 აპრილს "კროკობეთ მოყვარულთა ლიგა"-ს ფარგლებში, თბილისის სუპერლიგის მესამე ტურში, სამოყვარულო საფეხბურთო კლუბ "შტურმი"-სა და "პანენკა"-ს შორის გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. საქმე ეხებოდა "შტურმი"-ს მოთამაშეთა და მენეჯერის მხრიდან მატჩის მთავარი არბიტრის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია მატჩის შეწყვეტა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, გუნდს ჩაეთვალა ტექნიკური მარცხი 0-3, ფეხბურთელ დ.ბ.-ს მიეცა 13 მატჩიანი დისკვალიფიკაცია, ფეხბურთელ ა.ბ.-ს 7 მატჩიანი დისკვალიფიკაცია, ხოლო მენეჯერ თ.დ.-ს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია.