„მოყვარულთა ლიგა“ არის ერთადერთი ოფიციალური სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, დიდ ფეხბურთში (11x11), რომლის ორგანიზებასაც ახორციელებს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ხოლო პარტნიორები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.

 

მოყვარულთა ლიგა იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს - UEFA-ს მიერ. ჩემპიონატი 2016 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას რეგულარულად იღებს 500-მდე გუნდი და 14 000-ზე მეტი მოყვარული ფეხბურთელი, ხოლო საქართველოს საუკეთესო გუნდი, ტრადიციულად, ასპარეზობს ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატზე - UEFA Regions’ Cup და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში. 2026 წელს, მოყვარულთა ლიგის წინა სეზონის გამარჯვებული ნაკრები გუნდი კვლავ მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე და ეს იქნება უკვე მეოთხე შემთხვევა, ხოლო დავით ყიფიანის თასზე სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი ჩაერთვება ზედიზედ მეხუთედ.

 

ჩემპიონატის მიზნებია: ა. ფეხბურთის მასობრიობის განგრძობადი ზრდა; ბ. ფეხბურთის შემდგომ განვითარება და პოპულარიზაცია; გ. ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია საზოგადოებაში; დ. სტაბილური, ყოველწლიური სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების განვითარება და პოპულარიზაცია; ე. ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა; ვ. სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა, ამოქმედება და განვითარება, ზ. ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნება სპორტში; თ. დამწყები მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ი. UEFA REGIONS’ CUP-ის მონაწილე ნაკრები გუნდის კანდიდატების შერჩევა, მომზადება და თასზე მონაწილეობა; კ. საქართველოს დავით ყიფიანის თასზე მონაწილე გუნდის კანდიდატების შერჩევა, მომზადება და თასზე მონაწილეობა; ლ. სამოყვარულო ფეხბურთის მასშტაბური განვითარების ხელშეწყობა; მ. მოყვარულთა ლიგისა და, ზოგადად, მასობრივი სპორტის პრინციპებისა და ღირებულებების დანერგვა და პოპულარიზაცია, პარტნიორების ჩართულობით და მათი როლის წარმოჩენით; ნ. მასობრივი ფეხბურთის და, ზოგადად, ფეხბურთის, როგორც სპორტის სახეობის პრესტიჟის ამაღლება საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციისა და მაღალი ხარისხის გაშუქების უზრუნველყოფით; ო. მოყვარულთა ლიგისა და, მათ შორის, თბილისის ლიგის მე-11 სეზონის შესაბამისი აქტივობებისა და გაშუქების დაგეგმვა და განხორციელება.