სამტრედიის „იანეთი“ „კროკობეთ მოყვარულთა ლიგა“-ს 2024 წლის სეზონის გამარჯვებულია!
კვირას, 2024 წლის 8 დეკემბერს, კასპის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის - „კროკობეთ მოყვარულთა ლიგა“ ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს მიმდინარე სეზონის დასავლეთ საქართველოს საუკეთესო სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი სამტრედიის „იანეთი“ და აღმოსავლეთ საქართველოს საუკეთესო სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი თბილისის „ბასა“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ფინალური მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა - ძირითადი დრო დასრულდა ფრედ 1-1, ხოლო თერთმეტმეტრიანი დარტყმების ხანგრძლივ სერიაში სამტრედიულმა გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით 6-5 და გახდა მიმდინარე სეზონის ჩემპიონი. მატჩის არბიტრები, საუკეთესო მოთამაშე და გუნდები დააჯილდოვეს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და კროკობეთის წარმომადგენლებმა.
გუნდმა „იანეთი“, ჩემპიონატში მონაწილეობა დაიწყო მუნიციპალურ ეტაპზე, სამტრედიაში, აღნიშნულ ეტაპზე მონაწილეობა მიიღო რვა გუნდმა და გამარჯვებული გახდა სწორედ „იანეთი“, რომელმაც უფლება მოიპოვა მონაწილეობა მიეღო იმერეთის რეგიონულ ეტაპზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სახელით. იმერეთის რეგიონულ ლიგაში მონაწილეობას იღებდა ათი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. ჩემპიონატი ჩატარდა ლიგის პრინციპით, ორ წრედ. გუნდმა „იანეთი“ აღნიშნულ ლიგაში დაიკავა საპრიზო ადგილი და, შესაბამისად, საშეჯიბრო წარმატებიდან გამომდინარე, მოიპოვა უფლება ეასპარეზა მოყვარულთა ლიგის დასკვნით, ფინალურ ეტაპზე. პირველ შეხვედრაში, გუნდმა დაამარცხა ქუთაისის „ბუკია“, მეორე შეხვედრაში ზუგდიდის „ცაიში“, ნახევარფინალურ შეხვედრაში შუახევის „ახალდაბა“ და უფლება მოიპოვა მონაწილეობა მიეღო დასავლეთ საქართველოს ზონის ფინალში, სადაც დაუპირისპირდა წყალტუბოს „წყალტუბო“-ს და დაამარცხა ანგარიშით 3-1.
„ბასა“, სეზონის დასაწყისიდან მონაწილეობას იღებდა თბილისის სუპერლიგაში, რომელიც დაიწყო აპრილში და დასრულდა ნოემბერში. გუნდმა ჩაატარა 18 შეხვედრა და ჩემპიონატში დაიკავა საპრიზო, მესამე ადგილი, რის შედეგადაც, საშეჯიბრო წარმატებიდან გამომდინარე, მოიპოვა უფლება ეასპარეზა მოყვარულთა ლიგის დასკვნით, ფინალურ ეტაპზე. პირველ შეხვედრაში, გუნდმა „ბასა“ დაამარცხა გარდაბნის „სართიჭალა“, მეორე შეხვედრაში - თბილისის „ბასიანი“, ნახევარფინალურ შეხვედრაში - თბილისის „ოლ სტარი“ და უფლება მოიპოვა მონაწილეობა მიეღო აღმოსავლეთ საქართველოს ზონის ფინალში, სადაც დაუპირისპირდა თბილისის „ვაკე“-ს და დაამარცხა ანგარიშით 3-1.
აღნიშნული მატჩით 2024 წლის „კროკობეთ მოყვარულთა ლიგა“-ს სეზონი წარმატებით დასრულდა. მასში მონაწილეობა მიიღო 471 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა და 15000-მდე მოყვარულმა ფეხბურთელმა.