კროკობეთსა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
30 იანვარს, კროკობეთსა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, ბერდია ჯიბლაძემ, და კროკობეთის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკო ადეიშვილმა, მოაწერა. კროკობეთი საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის გენერალური სპონსორი გახდა. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ტურნირს „კროკობეთ მოყვარულთა ლიგა" ეწოდება. ახალ სახელწოდებასთან ერთად ჩემპიონატს ახალი ლოგო და ბრენდირება ექნება.
„საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და მისი პარტნიორების ორგანიზებით, მოყვარულთა ლიგა 2016 წლიდან ტარდება. ჩვენი მიზანი ყოველთვის ის არის, რომ თითოეული ახალი სეზონი იყოს უფრო მასშტაბური, გამორჩეული ხარისხიანი ორგანიზებითა და საინტერესო აქტივობებით. სწორედ ამ მიზნის შესრულებაში, 2024 წლიდან, ჩვენს მრავალწლიან პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და ქალაქ თბილისის მერია, მნიშვნელოვან როლს უკვე კროკობეთი შეასრულებს. ისეთ ძლიერ, გამოცდილ პარტნიორთან ურთიერთობა, როგორიც კროკობეთია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის გვქონდა სურვილი, გვყოლოდა საიმედო პარტნიორი კერძო სექტორიდან, რომელთანაც რამდენიმე მიმართულებით ვითანამშრომლებდით და კროკობეთთან ჩვენი ურთიერთობა სწორედ ამას მოიცავს. ეს არ იქნება მხოლოდ ფინანსური კუთხით თანამშრომლობა - კროკობეთი აქტიურად ჩაერთვება მოყვარულთა ლიგის გაშუქებასა და მარკეტინგულ აქტივობებში. სამუშაო პროცესი დაწყებულია და წინ საინტერესო წელი გველოდება" - თქვა სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, ბერდია ჯიბლაძემ.
„დღეს, სამოყვარულო ლიგა ახალ ეტაპზე გადადის და ისეთი ძლიერი პარტნიორის მხარდაჭერით, როგორიც არის კროკობეთი, მიზნები კიდევ უფრო ფართოვდება, რისი რეალიზების ყველა საშუალება გვაქვს. პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ მოთამაშეებზე, რომლებიც ჩვენს საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობენ. თითოეული მათგანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს ადამიანები ქმნიან ჩემპიონატს განსაკუთრებულად. ჩემთვის, როგორც მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელისთვის, განსაკუთრებულად სასიხარულოა კროკობეთის გუნდთთან ერთად ახალი პროექტების დაგეგმვა, შესაბამისი კონტენტის შექმნა, რომელიც მოთამაშეებს დამატებით სტიმულს , პასუხისმგებლობასა და პოზიტიურ განწყობას შეუქმნის."- განაცხადა ასოციაციის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ჯიშკარიანმა.
კროკობეთი უკვე მრავალი წელია ქართული სპორტის მხარდამჭერია. კომპანია აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის განვითარებაში წვლილის შეტანას. ამჯერად პარტნიორობის ფარგლებში კროკობეთის სურვილია მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მოყვარულთა ლიგას განვითარებასა და პოპულარიზაციაში. კომპანია კროკობეთი სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში გულშემატკივარს არაერთ სიახლეს ჰპირდება.
„კროკობეთი წლებია ქართული სპორტის მხარდამჭერია და ჩვენი გახორციელებული პროექტები ამაზე ნათლად მეტყველებს. დღევანდელი თანამშრომლობაც ამ ყველაფრის გაგრძელებაა. კროკობეთ მოყვარულთა ლიგასთან დაკავშირებით გეგმები დიდია. გვინდა, რომ აქტიურად ჩავერთოთ ამ ლიგის განვითარებაში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რათა სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო მასობრივი და ხელმისაწვდომი გახდეს", - განაცხადა კროკობეთის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკო ადეიშვილმა.
„სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია უმნიშვნელოვანეს და მასშტაბურ სამოყვარულო ტურნირს აორგანიზებს და დღეიდან ეს ტურნირი შეგიძლიათ მოიხსენიოთ, როგორც „კროკობეთ მოყვარულთა ლიგა". ჩვენი კომპანია არსებობის დღიდან ქართული სპორტის მხარდამჭერია და, რა თქმა უნდა, გაგვიჩნდა სურვილი, რომ ასეთ მასშტაბურ ტურნირშიც მიგვეღო მონაწილეობა", - ამბობს კროკობეთის წარმომადგენელი, გიორგი ბახუტაშვილი.
თანამშრომლობით გათვალისწინებული აქტივობებისა და მონაწილეობის განახლებული პირობების შესახებ მონაწილეებს ინფორმაცია, ასოციაციის მხრიდან, შესაბამისი პერიოდულობით მიეწოდება.