,,ბასიანი‘‘ ლიგა 1-ის ჩემპიონია
ლიგა 1-ის ჩემპიონი ყველასთვის კარგად ცნობილი გუნდი ,,ბასიანი‘‘ გახდა. თანაგუნდელებმა გამარჯვება, თასისა და მედლების გადაცემა კვლავ იმ ემოციითა და სიხარულით იზეიმებს, როგორც გასულ წელს მოყვარულთა ლიგის ჩემპიონობა.
2021 წელს გუნდმა ყველა რეგულარული ეტაპი წარმატებით გადალახა და მოყვარულთა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მფლობელიც დამსახურებულად გახდა. ამ წარმატების შედეგად, წელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასზე და UEFA-ს რეგიონთა თასზეც ასპარეზობდა.
გიგი ბერძენიშვილი(ბასიანის ფეხბურთელი):,,შარშან მოყვარულთა ლიგის ჩემპიონები გავხდით, მაგრამ თბილისის ლიგა 1-ის თასი წელს პირველად მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, უდიდეს სიხარულს განვიცდით, გუნდში კარგი განწყობაა და ჩემპიონატის მოგებას კვლავ ჩვენ ვაპირებთ. ამ სეზონში გუნდები საგრძნობლად გაძლიერდნენ . ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეებს. მძიმე, დაძაბული შეხვედრები გვექნება, მაგრამ ვემზადებით მორალურადაც და მენტალურადაც. ისეთი განწყობა გვაქვს, რომ გამარჯვების გარდა სხვა შედეგს არ განვიხილავთ‘‘.
გიორგი ჯელაძე (ბასიანის ფეხბურთელი):,,თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო. მონაწილეობა მივიღეთ დავით ყიფიანის თასზე, მართალია, დრამატულ ბრძოლაში დავმარცხდით და მალევე გამოვეთიშეთ, მაგრამ პროფესიონალებთან თამაშმა უდიდესი გამოცდილება მოგვცა. დიდი გამოწვევა იყო, ასევე ევრო ტურნირებზე ასპარეზობა. ვფიქრობ, ამ ორივე გასვლამ გუნდში ძალიან ბევრი რამ შეცვალა: სხვანაირ ფორმაში ჩავდექით, მეტად შევიკარით, დავვახლოვდით და კიდევ უფრო დიდი ოჯახივით გავხდით. სპორტული ეკიპირებისთვის, ფორმებისთვის, სავარჯიშოდ გამოყოფილი მოედნებისთვის, ყველანაირი გვერდში დგომისთვის დიდი მადლობა, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ისე სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციას‘‘.
ლაშა სილაქაძე (ბასიანის ფეხბურთელი):,,ეს წელი ორმაგად რთული იყო ჩვენთვის, რადგან ამ სეზონში ბევრად უფრო გაძლიერდნენ გუნდები და მატჩები გაორმაგებული ძალებით მიმდინარეობდა. ბედნიერი ვარ, რომ თბილისის ლიგის მოგება შევძელით. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, რა თქმა უნდა პირველობის დათმობას არ ვაპირებთ. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონები მეორედაც ჩვენ გავხდეთ ‘‘.
ჩემპიონატის მეშვიდე სეზონს დადებითად აფასებს გიზო ტაბიძეც, მისი თქმით, მოყვარულთა ლიგის დასკვნით, ფინალურ ეტაპამდე ბიჭები აქტიურად მოემზადებიან და არაერთ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. გუნდის მწვრთნელი იმედს იტოვებს, რომ ,,მოყვარულთა ლიგა‘‘ 2022 წლის ჩემპიონი კვლავ ,,ბასიანი ‘‘ გახდება.