,,30 ოქტომბერს მაყურებელი იხილავს შემტევ ფეხბურთს, არ გამოტოვოთ ეს დაპირისპირება“
კვირას, 30 ოქტომბერს, გლდანის საფეხბურთო ცენტრში, ლიგა 2-ის ფინალური ეტაპი გაიმართება.
ერთმანეთს ,,თბილისი სითი“ და ,,შტურმი“ დაუპირისპირდებიან. როგორც მოგეხსენებათ, გამარჯვებული გუნდი ასპარეზობას მოყვარულთა ლიგის დასკვნით, ფინალურ ეტაპზე განაგრძობს.
,,შტურმი“ მოყვარულთა ლიგის დებიუტანტია, გუნდს პირველივე სეზონში 12 მატჩიანი უწყვეტი მოგებების სერია აქვს, რითიც ლიგა 1-ში გადასვლა წარმატებით მოახერხა.
შტურმის პრეზიდენტის გიორგი გაბაძის თქმით, ლიგა 2-ის ფინალი წელს ყველასთვის დასამახსოვრებელი და სანახაობრივი იქნება, ვინაიდან, ორივე გუნდი თანაბარი შესაძლებლობებითა და მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა.
გიორგი გაბაძე, შტურმის პრეზიდენტი
,,გუნდში განწყობა მაღალია და მიმაჩნია, რომ ბიჭები ღირსეული თამაშისთვის მზად არიან. ორივე გუნდმა დაამტკიცა, რომ ფინალში თამაშს იმსახურებს. მიხარია სითის რომ ვხვდებით, ვფიქრობ, მაყურებლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო, სანახაობრივი ფინალური მატჩი გაიმართება.“
გიორგი დობორჯგინიძე, გუნდის კაპიტანი
,,შტურმის გუნდის კაპიტნობა ჩემთვის იგივეა, რაც ერთი დიდი ოჯახის წინამძღოლობა. როგორც გუნდის ლიდერი, ყოველთვის ვცდილობ, ფეხბურთელებს თამაშის მოსაგებად მაქსიმალური მუხტი მივცე. მიმაჩნია, რომ გუნდი კარგ ფორმაშია, მაგრამ ყოველდღიურად ვემზადებით, როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად. გამარჯვების დიდი იმედი მაქვს“.
ნუგო ბარბაქაძე- შტურმის მწვრთნელი
,,შტურმი არის გუნდი, რომელმაც ბევრი რამ გამოიარა და ლიგა 2-ის ფინალამდე დიდი შრომის ფასად მოვიდა. ჩვენი მთავარი პრინციპებია: ერთიანობა და გუნდურობა. ჩვენ ყველა ერთი ოჯახი ვართ. სწორედ ამ პრინციპებით მოვიპოვეთ ,,ბ“ ჯგუფის ჩემპიონობა და მოვედით ფინალამდეც.
ბიჭები ძალიან მოტივირებული და მონდომებულები არიან. მინდა, სითის მივულოცო ლიგა ერთში გადასვლა და წარმატებები ვუსურვო მათ. ველი, რომ დაძაბული და მაგარი თამაში იქნება, რომელიც მაყურებელმა არ უნდა გამოტოვოს”.
თორნიკე ალექსანდრია, შტურმის ვიცე-კაპიტანი
,,მინდა აღვნიშნო, რომ ,,თბილისი სითი“ ჩემი მეორე ოჯახია, სადაც საკმაოდ დიდი ხანი დავყავი და ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. წლევანდელ სეზონში სითი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება და ეს ცხრილში, სტატისტიკითაც მტკიცდება. ჩვენგან განსხვავებით, მათ სეზონი წაუგებელი სერიით დაასრულეს.
შტურმის გუნდის წევრობა, ამ გუნდის გერბის ტარება და თანაგუნდელების მხარდამხარ ბრძოლა ჩემთვის დიდი პატივია. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი ფინალი და ბევრი მოგება გველოდება.(პატარა გუნდის დიდი შოუ გრძელდება).
აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოყვარულთა ლიგის გუნდს ამ შესანიშნავი პროექტისთვის, რომელმაც უამრავ ყოფილ ფეხბურთელს და არამარტო ყოფილს, დამწყებსაც მისცა შანსი, წარმოაჩინოს საკუთარი თავი.
რაც შეეხება თასის თამაშს, 30 ოქტომბერს, ვფიქრობ, საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული მატჩი გველოდება. ჩემი აზრით, მაყურებელი შემტევ ფეხბურთს იხილავს, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ ეს დაპირისპირება არ გამოტოვოთ“.
სოფო დევნოზაშვილი- შტურმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
,,შტურმი წარმატებასა თუ მარცხს ყოველთვის თავის მხარდამჭერებთან ერთად ხვდება, ჩვენი გუნდის ყოველი წარმატება ჩვენსავე გულშემატკივარს ეძღვნება. რასაკვირველია ბიჭების და მწვრთნელების ერთობლივი მუშაობის და შრომის დამსახურებაა ის შედეგი, სადამდეც დღეს მივედით, თუმცა გუნდში ყველა ვთანხმდებით, რომ ამ წარმატებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის შტურმის გულშემატკივარს. რა თქმა უნდა, ტრადიციას ამჯერადაც არ დავარღვევთ და გეტყვით, რომ ჩვენს ერთგულ მაყურებელს გუნდისგან სიურპრიზი ელოდება.
ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ შტურმთან თანამშრომლობა ყველა იმ კომპანიას წაადგება, ვინც მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას, წახალისებასა და ხელშეწყობას, თუმცა აღვნიშნავ იმასაც, რომ შტურმის შედეგიდან გამომდინარე, ნებისმიერი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიისთვის ორმხრივი თანამშრომლობა საინტერესო და პერსპექტიული იქნება “.