STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

ირაკლი წამალაშვილი: ,,წლებია ამ მომენტს ველოდით“ 30 ოქტომბერს ლიგა 2-ის ფინალი გაიმართება

დიდი სამზადისი ლიგა 2-ის ფინალისთვის, 30 ოქტომბერს, ერთმანეთს ლიგა 2-ის ორი უძლიერესი გუნდი- ,,თბილისი სითი“ და ,,შტურმი“ დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული გუნდი ასპარეზობას  მოყვარულთა ლიგის დასკვნით, ფინალურ ეტაპზე განაგრძობს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, ვინაიდან, ჩემპიონატის  შვიდწლინი ისტორიის მანძილზე,  თბილისის ლიგა 2-დან  16 საუკეთესო სამოყვარულო გუნდს შორის არავინ მოხვედრილა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ორივე გუნდს უეფას ლიცენზირებული მწვრთნელი ჰყავს.

,,შტურმი 2022 წელს შეუერთდა ჩემპიონატს და ლიგა 1-ში გადასვლა პირველივე სეზონში მოახერხა, რაც შეეხება ,,თბილისი სითი“-ს 6 წელია, რაც მოყვარულთა ლიგაში თამაშობს და მაღალი დისციპლინითა და გულშემატკივრების დიდი სიყვარულით გამოირჩევა.

ლიგა 2-ში წლევანდელი შედეგები ასე გამოიყურება:

  • სითიმ გაიტანა ყველაზე მეტი გოლი 67 და გაუშვა 9.
  • შტურმმა გაუშვა ყველაზე ნაკლები გოლი 8 და გაიტანა 59.
  • შტურმიდან ამ სეზონში გოლის გატანა 14-მა ფეხბურთელმა შეძლო, სითიდან კი 13-მა.
  • სითი არის ერთადერთი გუნდი ლიგაში, რომელსაც  წელს საერთოდ არ წაუგია.
  • შტურმს კი, 12 მატჩიანი უწყვეტი მოგებების სერია აქვს.

ორივე გუნდის ძალთა თანაფარდობა შესამჩნევია, რაც შთამბეჭდავი ფინალური ეტაპის მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებს. ამჯერად Gafa.ge ,,თბილისი სითი“-ს გუნდის წარმომადგენლებს ესაუბრა, რომელთა მოლოდინებსა და შეფასებებსაც უცვლელად გთავაზობთ:

ირაკლი წამალაშვილი, გუნდის პრეზიდენტი

დარწმუნებული ვარ, გამორჩეული და სანახაობრივი ფინალური მატჩი გაიმართება. წლებია, რაც ამ მომენტს ველოდით, ყოველთვის ერთი ნაბიჯი გვაკლდებოდა წარმატებამდე, თუმცა არასდეს დავნებებულვართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მწვრთნელები და ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ 30 ოქტომბერს სრულ მზადყოფნაში იყვნენ. მოგების დიდი იმედი მაქვს. გულშემატკივრის გამორჩეულ აქტიურობასა და საფეხბურთო მოედნის გადაჭედვასაც ველოდებით.

დასაფიქსირებელია ის ფაქტიც, რომ სითის და შტურმს ერთმანეთთან მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ, მენეჯმენტს, ფეხბურთელებს ყველას დადებითი ურთიერთობა აქვთ, რაც ვფიქრობ, მეტად საინტერესოს ხდის ამ ორი გუნდის ფინალურ მატჩზე ხილვა.

ნუგო სვანიძე, გუნდის აღმასრულებელი დირექტორი                                    

2022 წლის სეზონი  დიდი ცვლილებებით დავიწყეთ, გარდამტეხი მომენტი იყო, როდესაც გუნდში მოვიდა ლიცენზირებული მწვრთნელი გოჩა შუბითიძე. მან უმთავრესი როლი ითამაშა გუნდის წინსვლასა და შედეგების გაუმჯობესებაში. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ გუნდმა ასე დამაჯერებლად მოახერხა ფინალში გასვლა და ლიგა 1-ის საგზურის მოპოვება

გოჩა შუბითიძე, მწვრთნელი

სითის წელს შევუერთდი, თავდაპირველად გარკვეული ბარიერები იყო გადასალახი, მაგრამ მოთმინებით და პრინციპების დაცვით ყველაფერი დალაგდა, მოსამზადებელი პერიოდიც ნაყოფიერად გავიარეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ,,თბილისი სითიშემდგარი გუნდია. 30 ოქტომბრის თამაშისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით, ისე როგორც ყოველთვის, მთელი გუნდი ერთი მიზნისთვის იბრძოლებთ.

ბექა ოჩიგავა, ფეხბურთელი

ამ დღეს ხუთი წელი ველოდით, ყველაზე ახლოს ვართ წარმატებასთან და მოგების დიდი იმედი გვაქვს. თანაგუნდელები აქტიურად ვემზადებით ფინალური თამაშისთვის  და სათანადო ფორმაშიც ვიმყოფებით. შტურმი ნამდვილად ღირსეული მეტოქეა და მინდა წარმატებები ვუსურვო.

ლექსო სხვიტარიძე, თბილისი სითი-ს კაპიტანი

პირველ რიგში, ჩემი პატივისცემა მინდა გამოვხატო  შტურმის მიმართ. მთელი გუნდი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებისთვის ვემზადებით. ბოლომდე დავიხარჯებით იმისთვის, რომ  ლიგა 2-ის თასი მოვიპოვოთ. მოედანზე მოსულ გულშემატკივარს და მთლიანად მოყვარულთა ლიგას სანახაობრივ თამაშს ვპირდებით. ვფიქრობ, ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს გუნდი ,,თბილისი სითიიყოს.

სპონსორები და პარტნიორები