STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

საფეხბურთო-მუსიკალური ტანდემი ვილი ტირონის ცხოვრებაში

ვილ ტირონი მოყვარულთა ლიგის ფეხბურთელია, რომელიც დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, მაგრამ წარმოშობით მოლდავეთიდან, სამხედრო ოჯახიდან არის. ფეხბურთის გარდა, 30 წლის სპორტსმენი მუსიკალური სამყაროთიც არის გატაცებული.

ფეხბურთის თამაში 7 წლიდან დაიწყო, ხოლო მუსიკალური კარიერის შექმნა მოგვიანებით, 18 წლის ასაკში გადაწყვიტა. მოყვარულთა ლიგაში, კერძოდ კი,  ლიგა ერთის გუნდ ,,კოლხეთში‘‘ იგი შექმნის დღიდან ასპარეზობს და თანაგუნდელებთან ერთად მიღწეულ არა ერთ წარმატებასა და გუნდის გამორჩეულ მხარეებზეც თამამად საუბრობს.

,,უდიდესი შრომისა და ძალისხმევის შედეგად მეორე წელია, რაც ჩვენი გუნდი უმაღლეს ლიგაში დაწინაურდა და ეს ჩვენთვის უდიდესი წარმატებაა. ყველა გუნდს თავისი სტილი აქვს, მაგალითად კოლხეთის სტილია მაღალი პრესინგი, სისწრაფე, რაც დიდ  უპირატესობას გვაძლევს ბურთის ართმევის და სწრაფი კონტრ იერიშის წარმოქმნის პროცესში. ბევრი ფერადკანიანი გვყავს გუნდში და დიდი ამტანობითაც გამოვირჩევით. მოყვარულთა ლიგა ძალიან მაგარი პროექტია და დიდი მომავალი აქვსჩვენ აქ  ფეხბურთს სიყვარულით ვთამაშობთ. შაბათი-კვირა როდესაც მოდის შეიძლება ითქვას, რომ სიხარულისგან დავფრინავთ- ისეთი გრძნობაა ეს, გადმოცემაც  მიჭირს. ის დრო, რაც თამაშისთვის არის განკუთვნილი, მათავისუფლებს ყველანაირი პრობლემისგან და ნეგატივისგან. ფეხბურთი მაძლევს სულიერ სიმშვიდეს და  დადებით  ემოციებს‘‘.

ვილის თქმით, გუნდური სპორტის სახეობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა და თანაგუნდელების ინტელექტუალური შესაძლებლობების სწორად შეფასება.

,,მაგალითად, როდესაც ვიცი, რომ ჩემს თანაგუნდელს ძალიან მაგარი ,,სპრინტი‘‘ აქვს და გამჭოლ პასს დაეწევა, უკვე ავტომატურად ვიცი თუ როგორ ვეთამაშო მას, ეს არის ერთგვარი შეხორცება, ასე ყალიბდება და იკვრება ძლიერი გუნდი. ‘‘

 

ვილი ფიქრობს, რომ  მსგავსება ფეხბურთსა და მუსიკას  შორის  საკმაოდ  დიდია. რიტმის შეგრძნება, კოორდინირებული და დაბალანსებული მოქმედება, თუნდაც სწორი სუნთქვა, რომელიც ორივე პროფესიის  ადამიანისთვის  მნიშვნელოვანია მისივე თქმით, ფეხბურთი, როგორც ხელოვნება  ადამიანების  სულზე დაფენილ  ყოველდღიურობის  მტვერს ჩამორეცხს.

,,ფეხბურთსა და მუსიკას რიტმის შეგრძნება აერთიანებს. მაგალითად ფეხბურთში დიდი მნშვნელობა აქვს ფეხების სინქრონში მოძრაობას, შეიძლება რაღაც მოქმედება არ გამოგივიდეს თუ ორივე ფეხი არ გაქვს კარგად სინქრონიზებული, როგორც მაგალითად გიტარის დაკვრისას აუცილებელია ორივე ხელი იდეალურ კავშირში იყოს, რათა დისბალანსი არ შეიქმნას.  რაც შეეხება ბენდს, აქაც, ისევე როგორც გუნდურ სპორტში,  ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფები გვხვდება‘‘.

 

Gafa.ge-ს რესპოდენტი მუსიკალურ სამყაროში ალტერნატიულ როკსა და ალტერნატიულ მეტალს ქმნის.

,,ვარჯიშის დროს ყოველთვის ვუსმენდი ჩემი საყვარელი ჯგუფის Breaking Benjamin-ის  შემოქმედებას. ჩემი მუსიკალური ჟანრის ინსპირაციაც შემდგომში სწორედ ეს  ჯგუფი გახდა. ჩვენ ვქმნით ალტერნატიულ როკს, ალტერნატიულ მეტალს, ჩემს საავტორო ბენდს ჰქვია- ,,Enforcement “, ასევე გვაქვს მეორე, კორპორატიული ჯგუფი ,,Unlimited Bend‘‘, სადაც ჩემი მეუღლეც მღერის‘‘.

რესპოდენტმა სამომავლო მიზნებიც გაგვიზიარა, როგორც  ვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მთელი ცხოვრება  მუსიკალური ბენდის  ჩამოყალიბებაზე ფიქრობდა და ეს ოცნება დიდი შრომის შედეგად აიხდინა. ამჟამად მეორე საავტორო ალბომის გამოშვებაზე მუშაობს და  სან სიროს მოედანზე, საკუთარ მუსიკალურ ჯგუფთან ერთად სპორტულ ღონისძიებაზე გამოსვლაზე ოცნებობს.

სპონსორები და პარტნიორები