თბილისის ლიგის ახალი სეზონი პირველ აპრილს ინოვაციებით დაიწყება
თბილისის ლიგა 1 -ის პირველი ტურს ლიგის ჩემპიონი ბასა " და დებიუტანტი ,, პანენკა " გახსნიან. გუნდები ერთმანეთს გლდანში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე დაუპირისპირდებიან.
მატჩი სტარტს ზუსტად 21:00 საათზე აიღებს.
აღსანიშნავია, რომ ,,ბასა"- მ და ,,პანენკა" - მ გასული სეზონის შემდეგ გუნდის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნეს და ახალ სეზონს ამბიციურად ხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ ,, ბასა “ - მ შარშანდელ სეზონში 52 ქულა დააგროვა და ჩემპიონატი უახლოეს მდევარ ვაკესთან 8 ქულიანი სხვაობით დაამთავრა. ჩემპიონს ასევე შესანიშნავი ბურთების შეფარდება ჰქონდა, მათ 71 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში მხოლოდ 15 მიიღეს.
რაც შეეხება ,,პანენკა“ - ს, 2021 წლის სეზონში გუნდმა ლიგა 2-ის ,,ბ” ჯგუფში , „სნეპ- პრემიუმთან“ ერთად მოახერხა ლიგა 1-ის საგზურის მოპოვება. ამ გუნდის ფეხბურთელი ჯაბა ჯიბლაძე კი გასულ სეზონში თბილისის ლიგა -2 ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მიმდინარე სეზონში მატჩებს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრები უმასპინძლებენ – ვარკეთილის, გლდანის, ნუცუბის, ვაკის, ასევე საქართველოს ნაკრების ტექნიკურ ბაზა „ბასა“.
გლდანის საფეხბურთო ცენტრი გახსნისთი მატჩის გარდა კიდევ სამ შეხვედრას უმასპინძლებს:
,, შევარდენი “ მოყვარულთა ლიგის გამარჯვებულ „ბასიანს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 3 აპრილს 16:00 საათზე გაიმართება.
თბილისის ლიგის ვიცე-ჩემპიონი ,, ვაკე “ ლიგის ისტორიულ გუნდს ,, სეუ “ - ს ასევე 3 აპრილს 18:00 საათზე დაუპირისპირდება.
ბოლო მატჩი კი დებიუტანტ „სნეპ პრემიუმსა“ და „კოლხეთს“ შორის საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება სხვა მატჩებს - პირველ ტურში, ვაკის საფეხბურთო ცენტრი ორ მატჩს უმასპინძლებს:
3 აპრილს “ გრასრუტი” დებიუტანტ “კოლხს” დაუპირისპირდება 17:00 საათზე
ხოლო თბილისის ლიგის 2016 წლის ჩემპიონი კვარტალი ლიგის დიდი ხნის ბინადარ ტიფლისს- 19:30 ზე შეერკინება.
ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი ამ ტურში სულ 3 მატჩს უმასპინძლებს:
სახეცვლილი ,, უქიმერიონ 1960”, რომელიც მიმდინარე სეზონში „სტრადას“ სახელით გამოდის- თბილისის ლიგის ერთ- ერთ ყველაზე ისტორიულ მონაწილეს ,, ნახალოვკა “- ს დაუპირსიპირდება. თამაში 3 აპრილს 14:00 საათზე გაიმართება.
დებიუტანტი ,, ღამურა “ მეთოფეებს 3 აპრილს 19:00 საათზე დაუპირისპირდება.
ხოლო გულშემატკივრებით ცნობილი „აფხაზეთის“ გუნდი სამოყვარულო საფეხბურთო კლუბ „ვარკეთილთან“ მატჩს საღამოს 17:00 საათზე გამართავს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ლიგის პირველი ტურის ყველა მატჩის გადაღება მოხდება ინოვაციური ვიო კამერით. მატჩების ჩანაწერის ხილვა შესაძლებელი იქნება საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის Youtube- არხზე, ასვეე მატჩის მიმოხილვები განთავსდება ასოციაციის ოფიციალურ ვებ- გვერდზე.
ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ასოციაცია შეძლებს, გულშემატკივრებს შესთავაზოს აბსოლუტურად ყველა მატჩის ვიდეო გაშუქება.