მოყვარულთა ლიგაში მე-7 სეზონი იწყება. პირველი ტურის მატჩები 25 მარტს დაიგეგმა. თავდაპირველად ჩემპიონატი თბილისის მაშტაბით გაიხსნება, მარტის ბოლოს თბილისის ლიგა 1-ით განახლდება, ხოლო 8 აპრილს უკვე სეზონი ლიგა 2-შიც დაიწყება.
მიმდინარე სეზონში თბილისის ლიგაზე 52 გუნდი ითამაშებს. 20 გუნდი ლიგა 1-ში იქნება დარეგისტრირებული, ხოლო დანარჩენები ლიგა 2-ის „ა“ და „ბ“ ჯგუფებში გადანაწილდებიან და თითოეულში 16-16 მონაწილე იქნება.
მიმდინარე სეზონში მატჩებს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრები უმასპინძლებენ – ვარკეთილის, გლდანის, ნუცუბიძსი, ვაკის, ასევე საქართველოს ნაკრების ტექნიკურ ბაზა „ბასა“.
რაც შეეხება გაშუქებას – 2022 წლის თბილისის ლიგის მატჩების ტრანსლირება საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის იუთუბ არხზე მოხდება, ხოლო მატჩის მიმოხილვები დაიდება მოყვარულთა ლიგის ახალ ვებგვერდზე, რომლის პრეზენტაციასაც ასოციაცია უახლოეს პერიოდში გეგმავს.
რეგიონებში მოყვარულთა ლიგის პირველი ეტაპი მუნიციპალურია, რომელიც ადგილობრივი მასშტაბით და ოლიმპიური სისტემით ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება. თამაშები აპრილიდან ივნისის ბოლომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც რეგიონული ეტაპი აგვისტოში განახლდება.
მოყვარულთა ლიგა საქართველოში ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა – პირველ ეტაპზე საქართველოს 61 მუნიციპალიტეტი ჩაერთვება და მასში 12 000-ზე მეტი მოყვარული ფეხბურთელი ითამაშებს. მსგავსი რაოდენობის მონაწილე არც ერთ სხვა ტურნირზეა არ არის. 2021 წლის სეზონში ტურნირზე მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა სამოყვარულო საფეხბურთო კლუბმა და 12 000-მდე მოყვარულმა ფეხბურთელმა.