STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

პედაგოგი და მთის გიდი - მოყვარულთა ლიგის ფეხბურთელი განსხვავებული პროფესიით

მოყვარულთა ლიგა უამრავ, განსხვავებული პროფესიისა და საქმიანობის ადამიანს აერთიანებს. ამჯერად წარმოგიდგენთ ,,ბასიანი“-ის ფეხბურთელს, 37 წლის გიგი ბერძენიშვილს, რომელიც კერძო სკოლაში ისტორიასა და სპორტს ასწავლის, თავისუფალ დროს კი, მთაში მოგზაურობს, კლდეზე ცოცავს და ტურისტებს ჩვენი ქვეყნის მთავარ ღირსშესანიშაობებსაც აცნობს.

მოგვიყევით თქვენს შესახებ(ინტერესები, ჰობი, საქმიანობა).

პროფესიით ისტორიის პედაგოგი ვარ. ჩემი მთავარი ჰობი და ინტერესის სფერო ფეხბურთია, პირველი შეხების დღიდან, იგი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ზუსტად 30 წელია ვთამაშობ. მთამსვლელების ოჯახში გავიზარდე, ბუნების ჯადოსნურობას ღრმა ბავშვობიდან ვეზიარე, შესაბამისად,  ფეხბურთის გარდა, დაინტერესებული ვარ მთაში სიარულითა და კლდეზე ცოცვით. გარდა ამისა, მიყვარს მოგზაურობა. ჩემი კიდევ ერთი დიდი გატაცება თხილამურებზე სრიალია. მიყვარს კითხვა, ასევე ფილმებისა და სერიალების ყურება.

 

როგორც გვითხარით, მთამსვლელების ოჯახში გაიზარდეთ, რატომ ფეხბურთი?

სრულიად შემთხვევით.  მახსოვს მეორე კლასში ვიყავი, შუა გაკვეთილზე შემოვიდა კაცი, რომელმაც იკითხა, გვინდოდა თუ არა ფეხბურთზე სიარული. მე და ჩემმა მეგობარმა თამაშის სურვილი იმ წუთშივე გამოვთქვით. აქედან იწყება ჩემი პირველი შეხება ფეხბურთთან და როგორც გითხარით, ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

18 წლამდე 35- საფეხბურთო სკოლაში ვთამაშობდი, შემდეგ, როდესაც დიდ, პროფესიონალურ გუნდში გადასვლის დრო მოვიდა,  მივედისინჯებზე“, მაგრამ, არავინ ამიყვანა. მე კი ნებისყოფა არ მეყო, ბოლომდე მებრძოლა. პირველივე იმედგაცრუებაზე ხელი ჩავიქნიე. დღევანდელი შეგნებით და მენტალობით ალბათ სხვაგვარად მოვიქცეოდი.

რამდენი ხანია, რაც მოყვარულთა ლიგაში თამაშობთ და რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

ზოგადად, იმედგაცრუების მიუხედავად, ფეხბურთს თავი ვერ დავანებე, რადგან მის გარეშე არ შემეძლო. შემდგომ, 5 წლით შვეიცარიაში მომიწია ცხოვრება და მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამოყვარულო დონეზე იქ ვთამაშობდი. დიდ კლასიკურ მოედანზე თამაშის შესაძლებლობა პირველად სწორედ შვეიცარიაში მომეცა. საქართველოში დაბრუნებისთანავე, 2015 წელს, დავიწყე ძებნა ვარიანტების, რათა ისევ  დიდ მოედნებზე გამოვსულიყავი. ამ მხრივ გამიმართლა, რადგან ზუსტად იმ წელს დაარსდა მოყვარულთა ლიგა და ჩემმა ბავშვობის მეგობრებმაც მალევე შექმნეს გუნდი „ბასიანი“, რომლის წევრიც პირველივე დღიდან ვარ.   მოყვარულთა ლიგა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ერთ-ერთი პრიორიტეტულიც. თამაშის გამო უარი ბევრ რამეზე მითქვამს. ჩემმა მეგობრებმა, ახლობლებმა, ნათესავებმაც იციან, რომ ის შაბათ-კვირა, როცა მატჩი მაქვს, ჩემთვის წმიდათა წმიდაა და ვერაფერი დადგება მასზე წინ, თუ რაიმე გადაუდებელი არ ხდება.

რას ნიშნავს იყოთ ბასიანის ფეხბურთელი? რას თვლით გუნდის ყველაზე დიდ წარმატებად?

პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ამ გუნდის წევრი პირველი დღიდან ვარ და ამით ძალიან ვამაყობ. მთელი ეს ექვსი წელი და ის ისტორია, რაც ამ გუნდს გააჩნია,  ჩემთვის უძვირფასესია. ბევრი რამე გავიარეთ, აღმასვლაც და წარუმატებლობებიც, მაგრამ პირველივე დღიდან, არა მხოლოდ ერთი გუნდი, არამედ ერთი ოჯახი და კარგი სამეგობროც ვართ.  ეს გუნდი ფაქტობრივად ჩემი ორგანიზმის, სხეულის ნაწილია.

ყველაზე დიდ წარმატებად, ცხადია, შარშანდელი მოყვარულთა ლიგის ჩემპიონობა და ევროპის რეგიონთა თასზე გასვლა მიმაჩნია. ეს იყო დაუვიწყარი ემოცია და სიხარული, რაზეც ბავშვობაში ხშირად ვოცნებობდი. ოცნება, რომელიც პროფესიონალურ დონეზე არ ამიხდა,  სამოყვარულო დონეზე ავისრულე. როდესაც უეფას ეგიდით გამართულ, რეგიონთა თასზე საქართველოს სახელით წარმოდგენილ გუნდში მოედანზე ვიდექი და ჩემს საუკეთესო შესაძლებლობებს ვავლენდი, მივხვდი - ის გულისწყვეტა, რაც მომყვებოდა იმის, გამო რომდიდიფეხბურთი ვერ ვითამაშე, გამიქრა.

რა განცდაა მოედანზე გასვლა და თამაში?

არც კი ვიცი რას შევადარო. მოედანზე შესვლისას, მგონია, რომ აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვხდები. შევდივარ და ყველაფერი მავიწყდება, ყველაფერი ქრება. ჩემთვის ეს ერთ-ერთი დიდი სიამოვნებაა, რაც კი არსებობს. ყოველთვის, როცა ვთამაშობ, ჩემს ორგანიზმში სიამოვნებისგან ენდორფინების ფოიერვერკები ფეთქდება.  

როდის დაიწყეთ გიდობა და რა სიამოვნებას იღებთ მთამსვლელობით?

ჩემი მთავარი საქმიანობა პედაგოგობაა, სკოლაში ისტორიას და სპორტს ვასწავლი. ეს საქმიანობა საშუალებას იძლევა ზაფხულში დამატებითი ანაზღაურებისთვის, რადგან 3 თვე არდადეგებია. გადავწყვიტე ეს დრო ტყუილად გატარების მაგივრად, უფრო პროდუქტიულად გამომეყენებინა. 2008 წელს  ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში მთის გიდად მუშაობა დავიწყე, თუმცა მალევე დავტოვე და მას შემდეგ, დამოუკიდებელი, .. ფრილანსერ გიდი ვარ.

მთაში სიარული, მოედანზე შესვლის მსგავსად, ცალკე განზომილებაა. იქაც მთლიანად ვწყდები ცხოვრების ტემპს, მავიწყდება ყველაფერი: პრობლემები, მიზნები, საქმეები, რუტინა და .. საოცარ სილამაზეში და სიწყნარეში დავდივარ და ექსტრემალური, დადებითი ემოციებით ვივსები.  

მოგვიყევით თქვენი პედაგოგიური საქმიანობის შესახებ, რამდენი ხანია რაც პედაგოგად მუშაობთ?

მუშაობა ჯერ კიდევ 2006 წელს, 21 წლის ასაკში დავიწყე, ჯამში 10 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება მაქვს. სიმართლე გითხრათ, თავიდან დიდი ენთუზიაზმით არ შევხვედრილვარ ამ პროფესიას და პირველი წელი გამოუცდელობის გამო, ემოციურად მძიმე და რთულიც აღმოჩნდა. შემდგომ ეს ჩემი მთავარი და უსაყვარლესი საქმიანობა გახდა, რომლის გაუმჯობესებაც პედაგოგიკის სწავლით გადავწყვიტე. ცხადია, ცოდნის და გამოცდილების მიღებამ ჩემი აღქმა და დამოკიდებულება ამ პროფესიის მიმართ მთლიანად შეცვალა. კარგად გამომდის ურთიერთობა აბსოლუტურად ყველა ასაკის ბავშვთან და მოზარდთან, ამიტომაც კლასში შესვლა ჩემთვის დიდ სიამოვნებასთან და სიხარულთან ასოცირდება. განსხვავებულია დიდი და პატარა ასაკის ბავშვებთან ჩატარებული გაკვეთილები, ინტერაქცია, მაგრამ ორივე თავისებურად საინტერესოა. პატარები უფრო ემოციურები არიან, საკუთარ გრძნობებს არ მალავენ. დიდები ამას ნაკლებად, ან უფრო სწორად თითქმის არ აკეთებენ, მაგრამ სამაგიეროდ, მათთან ერთად დისკუსიების და დებატების გამართვა ერთი ხელოვნებაა.

როგორც ისტორიკოსი როგორ  შეაფასებდით ქართული ფეხბურთის განვითარებას ზოგად ჭრილში, ასევე მოყვარულთა ლიგის მაგალითზე.

საბჭოთა კავშირში გახსოვთ ალბათ, რომ ,,თბილისის დინამო“ ერთ-ერთი წარმატებული და მოწინავე გუნდი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.  90-იან წლებში, როგორც მთელ ქვეყანაში, ქართულ ფეხბურთშიც სრული ქაოსი სუფევდა, რაც  კიდეც 2000-იანი წლების ნაკრების კატასტროფულ შედეგებზეც აისახა. დღეს, უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ წინ მივდივართ და მეტ-ნაკლებად ვლაგდებით. სამუშაო ალბათ ჯერ კიდევ ბევრია, რათა სისტემა გაიმართოს და იმუშაოს, თუმცა პროგრესი აშკარაა. რაც შეეხება მოყვარულთა ლიგას,  იმისათვის, რომ სხვადასხვა სპორტის სახეობებში და მათ შორის ფეხბურთში ქვეყანა წარმატებული გახდეს, საჭიროა სპორტის მიმართულებების მასობრიობა და ხელმისაწვდომობა. ამისათვის კი აუცილებელია სამოყვარულო და სასკოლო სპორტის სახეობების მაქსიმალური განვითარება. მოყვარულთა ლიგამ ეს ნამდვილად შეძლო. ათასობით ადამიანი, უდიდესი ენთუზიაზმით ჩართო და საშუალება მისცა ყველას, თამაშის დონის მიუხედავად,  ჩემპიონატის ნაწილი იყოს. აქ ყველას შეუძლია გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი, ამ გარემოში არავინ ჩაიკარგება და დაიჩაგრება. საბოლოო ჯამში, სამოყვარულო ფეხბურთი  პროფესიონალური ფეხბურთისთვის ბაზა გახდება. ჩვენი მამების თაობისგან ბევრჯერ მსმენია, რომ ქართული გუნდების მწვრთნელები ქუჩა-ქუჩა და ეზო-ეზო ეძებდნენ ბავშვებს, რომლებიც ფეხბურთს კარგად თამაშობდნენ. სამოყვარულო ფეხბურთის დახმარებით, ეს ახლა საჭირო აღარ არის, ყველა ვისაც ფეხბურთი რაიმე დოზით აინტერესებს, აქა იმყოფება.

როგორც გვითხარით, სკოლაში სპორტული კუთხითაც ატარებთ გაკვეთილებს, რამდენად გადგებათ მოყვარულთა ლიგაში მიღებული გამოცდილება?

ცხადია, ნებისმიერი სახის სპორტული აქტივობა, რომელსაც ცხოვრებაში ვახორციელებ, სპორტის გაკვეთილების წარმატებულად ჩატარებაში ძალიან მეხმარება. ჩემი მოსწავლეები აქტიურად მგულშემატკივრობენ, მუდმივად მეკითხებიან შედეგებზე, მხარს მიჭერენ. ჩემი წარმატება  უხარიათ და ეამაყებათ.

და ბოლოს, რას ეტყოდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საფეხბურთო კარიერას ახლა იწყებენ.

ამ შემთხვევაში ჩემს პედაგოგიურ ფილოსოფიას და მსოფმხედველობას გამოვიყენებ.  არავის მისცენ უფლება იმის თქმის, რომ საკმარისად კარგები არ არიან(მწვრთნელებს, მშობლებს თუ ვინმე სხვას).  მეორეს მხრივ, უფროსებისგან ხშირია დაძალება, ან დავალდებულება, განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების და მოზარდების, რომ აუცილებლად უნდა გამოვიდნენ მაგარი ფეხბურთელები, რაც ხშირად მათ ემოციურ, მორალურ-მენტალურ გატეხვას იწვევს, ამიტომაც, ითამაშეთ თქვენი სურვილების კვალდაკვალ და არავის მისცეთ უფლება ოცნებების ახდენაში ხელი შეგიშალოთ.

 

სპონსორები და პარტნიორები