STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

,,ბასიანი“ რეგიონთა თასის მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს - უეფამ საჩივარი დააკმაყოფილა

 

უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ერთობლივი საჩივარი დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც მოყვარულთა ლიგის 2021 წლის სეზონის გამარჯვებულმა სამოყვარულო საფეხბურთო კლუბმა ,,ბასიანი“ ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის - უეფას რეგიონთა თასის შესარჩევი ეტაპი ოფიციალურად გადალახა. საჩივარი ყაზახეთის წარმომადგენელ „კესკელენთან“ 27 ივნისს გამართულ მატჩს ეხებოდა, რომელშიც, ყაზახური გუნდის შემადგენლობაში, რეგიონთა თასის დებულების დარღვევით, პროფესიონალმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა. 

მომდევნო - შუალედურ ეტაპზე „ბასიანი“ მონაწილეობას ევროპის 31 ქვეყნის წარმომადგენელ სამოყვარულო საფებურთო კლუბთან ერთად მიიღებს.

წილისყრისა და შესაბამისი კალენდრის მიხედვით, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი მატჩებს ბოსნია და ჰერცეგოვინაში გამართავს:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ, აღნიშნული შედეგის მისაღწევად ხანგრძლივი და რთული პროცედურულ/სამართლებრივი გზა გაიარა. პირველი ერთობლივი საჩივარი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სადისციპლინო დავების განმხილველ პირველ ინსტანციაში ამა წლის 28 ივნისს გაიგზავნა. იგი ეფუძნებოდა ყაზახეთის „კესკელენი“-სთან 27 ივნისს გამართულ, შესარჩევი ეტაპის პირველი ჯგუფის, დასკვნით მატჩს. ,,ბასიანი“ „კესკელენი“-სთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა, თუმცა, მატჩის მიმდინარეობისას, როგორც თავად კლუბს, ისე ასოციაციასა და ფედერაციას გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მატჩი არათანასწორ პირობებში მიმდინარეობდა და ყაზახურმა გუნდმა დაარღვია რეგიონთა თასის დებულება - საკუთარ შემადგენლობაში ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელები ათამაშა.

ყაზახური გუნდის განაცხადის საჯარო რესურსებით გადამოწმების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ორი მოთამაშე რეგიონთა თასზე პროცედურული წესების დარღვევით ასპარეზობდა. კერძოდ: რეგიონთა თასის დებულების 37.03, 37.04 და 37.07 მუხლების შესაბამისად, ტურნირში მონაწილეობის უფლება არ აქვთ მოთამაშეებს, რომლებიც ატარებდნენ პროფესიონალი ფეხბურთელის სტატუსს, მონაწილეობა აქვთ მოღებული რომელიმე ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ მატჩებში ან უეფას ეგიდით გამართულ არასამოყვარულო ტურნირებში. მიუხედავად ამისა, ,,კესკელენი“-ს ერთ-ერთი მოთამაშე ასპარეზობდა ყაზახეთის უმაღლეს ლიგასა და უეფას ევროპის ლიგაზე, 2009 წელს, ხოლო მეორე მოთამაშე, ყაზახეთის უმაღლეს ლიგაში, 2017 წელს.

დასაბუთებული საჩივარი, შესაბამისი მტკიცებულებებითა და მოთხოვნებით, მატჩის მეორე დღესვე გაიგზავნა უეფას სადისციპლინო დავების განმხილველ პირველ ინსტაციაში. აღნიშნული ორგანოს გადაწყვეტილებით, დადგინდა ხარვეზი - საჩივარი მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად და, შესაბამისად, უეფამ მის განხილვაზე უარი განაცხადა.

ქართულმა მხარემ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად და მცდარად მიიჩნია, შესაბამისად, 1 ივლისს, სააპელაციო საჩივრით მიმართა უეფას სააპელაციო დავების განმხილველ ორგანოს. დოკუმენტში დასაბუთებული იყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ტექნიკური უსწორობა ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კერძოდ ის, რომ გასაჩივრების ვადა, უეფას სადისციპლინო რეგულაციებით შეადგენდა მატჩის დასრულებიდან 24 საათს და არა 12 საათს, როგორც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში, ხარვეზის შესახებ, იყო აღნიშნული.

უეფამ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, მიუთითა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების მცდარობაზე, ტექნიკურ უსწორობაზე და დაიწყო საჩივრის არსებითი განხილვა მის ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებით, რაც იყო „ბასიანი“-სათვის ყაზახურ გუნდთან გამართულ მატჩში ტექნიკური მოგების ჩათვლა და შემდგომი ეტაპის საგზურის მინიჭება, რეგიონთა თასის დებულების შესაბამისი რეგულაციების მიხედვით.

სადისციპლინო სხდომა გაიმართა 13 ივლისს, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 20 ივლისს. ქართული მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რის საფუძველზეც ,,ბასიანს“  „კესკელენთან“ გამართულ მატჩში ჩაეთვალა ტექნიკური მოგება 3:0, გამოცხადდა შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულად და ,,ბასიანი“ ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გადავიდა.

ფაქტს ისტორიულს უწოდებს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე.

„აღნიშნული ფაქტი, ყველა ასპექტით, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ქართული სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე, შესარჩევი ეტაპის აბსოლუტურად დამსახურებულად გადალახვის შემდეგ, რაც, ზოგადად, ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება და საერთაშორისო დონეზე აღიარებაა. მეორე მხრივ, გარდა სპორტული კუთხისა და თავად „ბასიანი“-ს ღირსებული ასპარეზობისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ, სამართლებრივი კუთხით, დიდი შრომა გასწიეს და ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფეხბურთო დავა დაასრულეს გამარჯვებით.

მინდა მივულოცო ბასიანს და თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც ქართული ფეხბურთი და, მათ შორის, მასობრივი ფეხბურთი უყვარს და მას გულშემატკივრობს. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მის ხელმძღვანელობას, თითეულ ჩართულ პირს, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის თითოეულ თანამშრომელს. ყველას, ვინც შესაბამისი წვლილი შეიტანა ამ ეპოქალური მოვლენის შექმნაში. ასოციაციის სახელით კი მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ყოველთვის დავიცავით თითოეული სამოყვარულო საფეხბურთო გუნდის ინტერესებს, როგორც სპორტული, ისე სამართლებრივი და სხვა ნებისმიერი კუთხით, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე.

წარმატებებს ვუსურვებ ბასიანს ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე“!

,,ბასიანმა“ მომზადება უკვე დაიწყო, გუნდი აქტიურად ვარჯიშობს, ემზადება ამხანაგური მატჩებისათვის, გუნდის ოფიციალური განაცხადი კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

 

კლუბი
1 ბასიანი 19 15 2 2 47
2 ბასა 19 15 1 3 46
3 ამბასადორი 19 15 0 4 45
4 გრასრუტი 19 13 1 5 40
5 აფხაზეთი 19 11 3 5 36
6 სეუ 19 10 3 6 33
7 პანენკა 19 10 2 7 32
8 ნახალოვკა 19 9 1 9 28
9 უქიმერიონი 19 8 3 8 27
10 მეთოფეები 19 8 3 8 27
11 კოლხეთი 19 8 3 8 27
12 ვაკე 19 7 5 7 26
13 შევარდენი 2019 19 8 2 9 26
14 კვარტალი 19 7 4 8 25
15 ღამურა 19 7 4 8 25
16 სნეპ პრემიუმი 19 6 3 10 21
17 სტრადა 19 6 1 12 19
18 ვარკეთილი 19 2 2 15 8
19 ტიფლისი 19 2 1 16 7
20 კოლხი 19 0 2 17 2
ჩემპიონი
ასპარეზობას აგრძელებს მოყვარულთა ლიგის ფინალურ ეტაპზე
დაქვეითდება თბილისის ლიგა 2-ში

სპონსორები და პარტნიოები