STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

მასობრივი ფეხბურთის განვითარება საქართველოში და გზა საერთაშორისო აღიარებამდე

 

მთელ მსოფლიოში ერთხმად აღიარებენ, რომ მასობრიობა ფეხბურთის პირამიდის ჯანსაღი საფუძველია. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ქვეყნის პრიორიტეტი მასობრივი ფეხბურთის განვითარებაა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაუბრუნდეს მოედანს, ჩაერთოს ყველაზე პოპულარული გუნდური სპორტის სახეობაში და დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით.

ჩვენს ქვეყანაში, მასობრივი ფეხბურთის განვითარება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ 2015 წლიდან დაიწყო.

ყველასთვის კარგად ცნობილი ჩემპიონატი ,,მოყვარულთა ლიგაუკვე მეშვიდე  წელია იმართება და მთელი საქართველოს მასშტაბით 15 000-მდე მოყვარულ ფეხბურთელსა და 450-მდე საფეხბურთო გუნდს აერთიანებს.

როგორც სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე აცხადებს, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია ოფიციალურად 2015 წლის 17 სექტემბერს დაფუძნდა, ამავე წლის ბოლოდან კი უკვე პრაქტიკულ სამუშაოებს შეუდგა.

,,ორგანიზაცია დავაფუძნეთ განსხვავებული პროფესიის ადამიანებმა, რომლებიც სწორედ ფეხბურთის სიყვარულმა გაგვაერთიანა. გვინდოდა შეგვექმნა რაიმე ღირებული ფეხბურთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვისაც.

იმ დროს საქართველოში არ ტარდებოდა ცენტრალიზებული ორგანიზებული სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი სიტყვა გვეთქვა და შეგვექმნა ისეთი რამ, რაც იქნებოდა სიახლე და განვითარების საშუალება, ქართული ფეხბურთისათვის.

პრეზენტაციაზე მოვიწვიეთ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, -ნი ლევან კობიაშვილი, ვინაიდან ვიცოდით, რომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გეგმები ჰქონდა ფეხბურთის განვითარების კუთხით და ჩვენი იდეითაც დაინტერესდებოდა.

-ნ-მა ლევანმა გაიზიარა ჩვენი ხედვები და იმავე წლის ბოლოდან, ფეხბურთის ფედერაციაში, ვიცე-პრეზიდენტ ნიკა ჯღარკავასთან ერთად დავიწყეთ სამუშაო შეხვედრები და პროცესი“.

სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მაღალ დონეზე ორგანიზებული საერთო პროექტების განხორციელებით, ფედერაციის სრულფასოვანი წევრის სტატუსიც დამსახურებულად მოიპოვა.

როგორც ირკვევა, ასოციაციის დაფუძნებიდან დღემდე, გამორჩეულად მნიშვნელოვანი 2018 წელი იყო. ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ორგანიზებული, ოფიციალური საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულმა (2017 წლის სეზონის საუკეთესო გუნდმა ფოთის ,,ჭაბონამა“-მ) მონაწილეობა მიიღო ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატზე.

ამავე წელს, უეფამ 55 წევრ ქვეყანას შორის საქართველო გამოარჩია და ფეხბურთის ფედერაციას ვერცხლის ჯილდო გადასცა. საერთაშორისო აღიარება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგან საქართველომ სწორედ მოყვარულთა ლიგის პროექტის განხორციელებისთვის მოიპოვა.

ორგანიზაცია მუდმივად რომ ვითარდება და საოცნებო ტურნირებში იღებს მონაწილეობას ამას 2021-22 წლების მოცემულობაც მოწმობს.

როგორც ბერდია ჯიბლაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშავს, ყოველწლიურად იზრდება მოყვარული ფეხბურთელებისა და გუნდების ჩართულობაც.

,,2021 წლის სეზონი იყო ყველაზე მასშტაბური, თუმცა წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდა. წლევანდელ, მეშვიდე სეზონში ჩემპიონატი მეტეოროლოგიური პრობლემების გამო 1 აპრილს დაიწყო, მაგრამ ჩემპიონატის კალენდრის ცვლილებიდან  გამომდინარე გეგმის მიხედვით  მიმდინარეობს.

წლევანდელი ჩემპიონატის აქტივობა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში საგრძნობლად მაღალია“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში წელს უპრეცედენტო მოვლენა დაფიქსირდა. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მოყვარუთა ლიგის ჩემპიონმა, რომელიც ამ შემთხვევაში გახლავთ 2021 წლის სეზონის საუკეთესო გუნდი ,,ბასიანი“, მონაწილეობა მიიღო საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე. საქართველოს სახელი უეფას რეგიონთა თასზე წელს სწორედ ბასიანმა გაიტანა.

 

,,ყოველწლიურად ვვითარდებით და ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს, რათა გავიზარდოთ და ავწიოთ ჩემპიონატის ორგანიზების ხარისხი.

წელს შეიქმნა ჩვენი ოფიციალური, საინფორმაციო ვებ-გვერდი gafa.ge, ჩემპიონატის მიმდინარეობას ვაშუქებთ როგორც ტელევიზიებით, ასევე სოციალური მედიის ყველა პლატფორმაზე (Facebook, Instagram, YouTube…)

ასევე გვაქვს ორგანიზაციის ფან-შოპი store.gafa.ge, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეიძინონ საყვარელი საფეხბურთო გუნდების აქსესუარები, ეკიპირება, ზოგადი სპორტული ეკიპირება და .შ.

ამავდროულად, ამიერკავკასიაში პირველად, დავნერგეთ მატჩების ინოვაციური გადაღების მეთოდი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვიო (VEO) კამერის საშუალებით.

ასევე, სპეციალურად მოყვარულთა ლიგისათვის, ბეჭდური სახით, გამოვეცით სადისციპლინო კოდექსი და შევქმენით სადისციპლინო ორგანო, სადაც თავად ფეხბურთელები და გუნდების წარმომადგენლები არიან წევრები და ისინი განიხილავენ ჩემპიონატში მომხდარ სადისციპლინო დარღვევებს, რაც ხელს უწყობს მათ ჩართულობასა და პასუხისმგებლობის ზრდას.

ამ წლების განმავლობაში, გვერდში დგომისთვის და პარტნიორობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს. ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

ორგანიზაცია არ ჩერდება, ორგანიზაცია ცდილობს მუდმივად განვითარებას. ამიტომ ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ჩვენ მივიღებთ უფრო და უფრო უკეთეს, ხარისხიან, წარმატებულ სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატს.’’

როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მოყვარულთა ლიგაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს 16 წლის ასაკიდან შეუძლია

უახლოეს პერიოდში კი იგეგმება ქალთა ჩემპიონატის ჩატარება, რომლის პრეზენტაციაც  gafa.ge-ზე ოფიციალურად დაანონსდება.

 

კლუბი
1 ბასიანი 19 15 2 2 47
2 ბასა 19 15 1 3 46
3 ამბასადორი 19 15 0 4 45
4 გრასრუტი 19 13 1 5 40
5 აფხაზეთი 19 11 3 5 36
6 სეუ 19 10 3 6 33
7 პანენკა 19 10 2 7 32
8 ნახალოვკა 19 9 1 9 28
9 უქიმერიონი 19 8 3 8 27
10 მეთოფეები 19 8 3 8 27
11 კოლხეთი 19 8 3 8 27
12 ვაკე 19 7 5 7 26
13 შევარდენი 2019 19 8 2 9 26
14 კვარტალი 19 7 4 8 25
15 ღამურა 19 7 4 8 25
16 სნეპ პრემიუმი 19 6 3 10 21
17 სტრადა 19 6 1 12 19
18 ვარკეთილი 19 2 2 15 8
19 ტიფლისი 19 2 1 16 7
20 კოლხი 19 0 2 17 2
ჩემპიონი
ასპარეზობას აგრძელებს მოყვარულთა ლიგის ფინალურ ეტაპზე
დაქვეითდება თბილისის ლიგა 2-ში

სპონსორები და პარტნიოები