STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

,,WPS ვაკე“ გოგონათა შორის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალის გამარჯვებულია

30 ოქტომბერს, გლდანის საფეხბურთო ცენტრში, გოგონათა შორის 11X11-ზე სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი სრული ანშლაგით გაიმართა. ერთმანეთს აღმოსავლეთის ზონის ლიდერი ,,WPS ვაკე“ და დასავლეთის ეტაპის გამარჯვებული ,,მარტვილი“ დაუპირისპირდნენ. ,,WPS ვაკე“-მ მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვა.

რუსუდან კეკიშვილი- სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, ქალთა ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი: ,,უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართა, ზუსტად ასეთი დაძაბული ფინალის მოლოდინი მქონდა, რადგან ამ ბავშვებში უდიდეს მოტივაციასა და მონდომებას ვხედავდი. გოგონებმა გაიტანეს ლამაზი გოლები, დაფიქსირდა კარგი ,,სეივები“, პენალტი, ჰეთ-ტრიკი და ყველა ის ასპექტი , რაც ფეხბურთს სანახაობრივს ხდის. მოედანზე და მის მიღმა არსებული გოგონების ემოციებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციასთან ერთად ახორციელებს”.

ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ნინო სორდიას თქმით, ამ პროექტს დიდი მომავალი აქვს და საქართველოს სახელის ღირსეულად დაიცვას ბევრი გოგონა შეძლებს.

,,საინტერესო თამაში გამოვიდა, რაც დიდი სტიმულია ქალთა ფეხბურთისთვის. ჩვენ ყველას მრგვალი ბურთი გვაერთიანებს და მოხარული ვარ, რომ სპორტის ამ სახეობაში ჩართული გოგონების რაოდენობა დღითიდღე მატულობს. წელსაც არ ველოდით ამხელა გამოხმაურებას, შესაბამისად სამომავლო პროგნოზი დიდია. ვფიქრობთ, რომ უფრო მასშტაბური გახდება ეს პროექტი, კიდევ უფრო გაიზრდება რაოდენობა და ბევრი მათგანი შეძლებს ღირსეულად დაიცვას საქართველოს სახელი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. დღეს ჩვენ რამდენიმე გოგონა მოვინიშნეთ, რომლებიც ვფიქრობ, საქართველოს რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში თამაშსაც შეძლებენ. ეს ტურნირები სწორედაც გათვლილია იმაზე, რომ შემდგომში კარგი ცვლა და საუკეთესო შედეგი მივიღოთ“.

ჩემპიონატის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სამოყვარულო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბერდია ჯიბლაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან გუნდები ერთმანეთს წრიული სისტემით დაუპირისპირდებიან.

,,წლევანდელი წლის ჩემპიონატის წარმატებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია ერთობლივად, თანაორგანიზებით, აუცილებლად, 2023 წლიდან გოგონათა შორის 11X11-ზე სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარებას გააგრძელებს. იგეგმება, როგორც მასშტაბების, ასევე მონაწილეთა რაოდენობის გაზრდაც. გვინდა, რომ უფრო მეტი მუნიციპალიტეტი მოვიცვათ. ჩვენი მიზანია, უფრო მეტი გოგონა ჩავრთოთ ჩემპიონატში და ფეხბურთის მასობრიობა ამ კუთხითაც გავზარდოთ. მოგეხსენებათ, წლევანდელი სეზონი ოლიმპიური სისტემით გაიმართა, გვსურს, რომ მომავალში ლიგის სისტემით ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდები ერთმანეთს წრიული წესით დაუპირისპირდებიან. ასევე გეგმაშია, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზონებში ჩატარდეს ცალკე ლიგები, თუმცა ეს იდეის დონეზეა ჯერ და ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს. მომავალი წლიდან ჩემპიონატის ხანგრძლივობაც გაიზრდება და ცხადია, დასავლეთისა და აღმოსავლეთის საუკეთესო გუნდებს შორის ისევ ფინალური ეტაპით დასრულდება.“

საკუთარი ემოციები და შთაბეჭდილებები გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელმა გოგონებმაც გაგვიზიარეს.

მარიამ ჯოჯუა: ,,სასწაული თამაში იყო, უბედნიერესი ვარ. რამდენიმე თვეა, რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე და არ მეგონა სამი გოლის გატანას თუ მოვახერხებდი“.

ანანო ნადარაია: ,,ემოციური თამაში იყო, დაჯილდოებამ კიდევ უფრო დიდი სიხარული მოგვანიჭა, გადმოგვცეს მედლები და თასი, რომელსაც ,,შენი დროა“ აწერია და ყველა ძალიან ბედნიერები ვართ“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატი, რომლის ორგანიზატორებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია არიან, კამპანია #WePlayStrong საქართველოს ფარგლებში გაიმართა. წელს, ამ საპილოტე პროექტში გოგონათა 14 გუნდი ჩაერთო. ახალი სეზონიდან კი როგორც ირკვევა, გოგონათა ლიგა კიდევ უფრო მასშტაბური, დაძაბული და მრავალფეროვანი იქნება.


სპონსორები და პარტნიოები