STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად - გოგონათა შორის 11X11-ზე სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო

 

გოგონათა საპილოტე ჩემპიონატი 11X11-ზე კასპში, თეთრიწყაროსა და ქარელის გუნდების მატჩით გაიხსნა. სანახაობრივი და ემციური შეხვედრა თეთრიწყაროს უპირატესობით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. გამარჯვებულმა მხარემ  ამხანაგური შეხვედრა გამართა ადიგენის სამოყვარულო გუნდთანაც.

თამაშის დაწყებამდე გოგონათა გუნდებს წარმატებები უსურვა სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ბერდია ჯიბლაძემ.

,,თქვენ ხართ ის გოგონები, ის ძალა და რესურსი, რომლებსაც უდიდესი წვლილის შეტანა შეგიძლიათ ქალთა ფეხბურთის განვითარებასა და გარკვეული სტერეოტიპული შეხედულებების დამსხვრევაში. ფეხბურთი ყველასია და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის საერთო მონდომებითა და ძალისხმევით, ფეხბურთი გახდება კიდევ უფრო მასობრივი და პოპულარული- სწორედ ამ სიტყვებით მიესალმა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე გოგონებ.

,,მატჩები იმართება პარალერურად მარტვილში და თბილისში. მონაწილეობას იღებს 14 გუნდი, რაც კარგი შედეგია. მოყვარულთა ლიგას რომ შევადაროთ, 2016 წელს ჩემპიონატი 8 გუნდით დავიწყეთ. ვფიქრობ, რომ გოგონათა ჩემპიონატის განვითარებას სამოყვარულო დონეზე  საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს.  მოყვარულთა ლიგის და საქ-ოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ერთ-ერთი ლოზუნგი არის სწორედ ის, რომ ფეხბურთი არის ყველასთვის, სპორტის ეს სახეობა არ არის კონკრეტული ადამიანებისთვის, ფეხბურთი არის აფსოლუტურად ყველა დაინტერესებული პირისთვის. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გოგონებს აქვთ საშუალება 11X11-ზე ითამაშონ ფეხბურთი, ეს ერთი მხირვ შესაძლებლობას აძლევთ მათ, რომ სამომავლო კარიერაზეც იფიქრონ და ასპარეზობა პროფესიულ დონეზე გააგრძელონ. ეს არის მხოლოდ დასაწყისი და 2023 წლიდან გოგონათა შორის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე სტაბილურ სახეს მიიღებს. შესაბამისად, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია, ფეხბურთის ფედერაციასთან პარტნიორობით, როგორც ყველა სხვა აქტივობაში, გააკეთებს ყველაფერს, რომ ფეხბურთი გახდეს უფრო მასობრივი, უფრო პოპულარული, რათა ჯანსაღი ცხოვრების წესი მაქსიმალურად დამკვიდრდეს საზოგადოებაში - ბერდია ჯიბლაძე

საპილოტე ეტაპის დასაწყისი ასევე შეაფასა საქ-ოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ქალთა ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელმა რუსუდან კეკიშვილმა.

,,ფეხბურთის ფედერაციისა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ყველა წევრის მხარდაჭერითა და ჩართულობით, ვფიქრობ, შესანიშნავი სტარტიადაინტერესება და სურვილი გოგონებისა და მათი მწვრთნელების მხრიდან უკვე დიდია. საპილოტე პროგრამამ, რომელსაც ურთიერთთანამშრომლობით ჩაეყარა საფუძველი, ყველა მონაწილისთვის დადებითი ემოციები მოიტანა. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტი სწორი მიმართულებით მიდის, საჭირო საქმეს აკეთებს და მომავალშიც ასე გააგრძელებს.  

გოგონებს, რომლებსაც ფეხბურთი უყვართ ვეტყოდი, რომ არ შეწყვიტონ განვითარება, დიდ საფეხბურთო მოედანზე გასვლა და თამაში დაგვიანებული არასოდეს არის”.

ფეხბურთის ფედერაციის ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერის ქეთი ყიფიანის თქმით, სათანადო მომზადების შემდეგ, გოგონათა შორის მატჩები მეზობელი ქვეყნის გუნდებთანაც გაიმართება.

,,საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქალთა ფეხბურთის განვითარება. ამ მასშტაბს ნამდვილად არ ველოდით, ვფიქრობდით, რომ 8 გუნდი გვეყოლებოდა, შესაბამისად,  ძალიან გახარებულები ვართ ამ მოცემუობით. ვიმედოვნებთ, მომავალი წლიდან, ეს ტურნირი გაზაფხულზე დაიწყება და ნოემბრამდე გაგრძელდება. ასევე გვსურს, რომ  12 წლამდე გოგონები თამაშობდნენ 7X7-ზე, ხოლო 15 წლამდე გოგონები 11X11-ზე. ვფიქრობ, ამ ტურნირების სისტემატიური ჩატარება თავისთავად გააუმჯობესებს ლიგის ხარისხს, იმიტომ რომ ლიგაში მისულ გოგონებს უკვე გამოცდილება ექნებათ, როგორც 7X7-ზე, ასევე 11X11-ზე თამაშის, ეს ყველაფერი კი  ეროვნულ ნაკრებზეც დადებითად აისახება”.

ინგა ბოლქვაძე- პირველი გოლის ავტორი თეთრწყაროს გუნდიდან

,,4 წელია ფეხბურთს ვთამაშობ. დღეს პირველი გოლი გავიტანე და უბედნიერესი ვარ ამ შედეგით. ყველა გუნდს ვუსურვებ წარმატებას. სხვადასხვა გუნდის ბავშვებმა დღეს გავიცანით ერთმანეთი და უკვე დავმეგობრდით. იმედია სხვა თამაშებზეც შევხვდებით“.

კარინე გასპარიანი- თეთრი წყაროს გუნდის ფეხბურთელი

,,უბედნერესი ვარ, დღეს 2 გოლი გავიტანეთ. ძალიან კარგი თამაში იყო. მოწინააღმდეგეც კარგად იბრძოდა. იმედია კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ“.

ნინი გობაძე- თეთრიწყაროს გუნდის ფეხბურთელი

,,ამ ემოციებს მართლა არ ველოდით, ამდენ გოლს თუ გავიტანდით, მოვიგებდით და სახლში გამარჯვებულები დავბრუნდებოდით ვერც კი წარმოვიდგენდით. უბედნიერესები ვართ. ჩემს თანატოლებს მოვუწდებ, რომ ჩაერთონ ამ პროექტში და დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით“.

ჩემპიონატი, რომლის ორგანიზატორებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია არიან, კამპანია #WePlayStrong საქართველო“- ფარგლებში იმართება. მასში მონაწილეობას 14 გუნდი იღებს. მიმდინარე პროექტი საპილოტეა და ერთ თვეს გასტანს, ფინალში კი აღმოსავლეთისა და დასავლეთის საუკეთესო გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

 

 

სპონსორები და პარტნიოები