STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

გუნდი "აფხაზეთი" და მისი ისტორია | მშობლიური მიწის ნოსტალგიით გაერთიანებული ფეხბურთელები ჩემპიონობისთვის იბრძვიან

 

,,მოყვარულთა ლიგა გვაძლევს იმედის ნაპერწკალს, რომ ოდესმე აფხაზეთშიც შეიქმნება მსგავსი სამოყვარულო საფეხბურთო  გუნდი და  მოგვეცემა მათთან  ერთად თამაშის შესაძლებლობა ‘‘- სწორედ ამ  სიტყვებით იწყებს GAFA.GE-სთან საუბარს გუნდ ,,აფხაზეთი‘‘ -ს მეკარეების მწვრთნელი გუჯა რიგვავა.

მისივე თქმით,  გუნდში გამორჩეული ატმოსფეროა, რადგან თითოეულ მათგანს ერთი ნოსტალგია და ოცნება- აფხაზეთის დაბრუნება  აერთიანებს.

,,ჩვენ ამ გუნდს ვეძახით დიდ ოჯახს, რადგან  უმრავლესობა აფხაზეთიდან დევნილი ვართ. გუნდელები ხშირად ვიკრიბებით, სათუთად ვუდგებით  და ვუფრთხილდებით ერთმანეთს. ერთხმად აღვნიშნავთხოლმე, რომ მოყვარულთა ლიგაში თამაში ჩვენთვის ნამდვილი დღესასწაულია. მე პირადად  აქ ავიხდინე  ბავშვობის  ის ოცნება, რასაც ფეხბურთის თამაშის  წყურვილი ჰქვია. მიხარია რომ არსებობს მოყვარულთა ლიგა  და  ამ დიდი ოჯახის ნაწილი ვარ .

 აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რადგან მოყვარულთა ლიგის ჩემპიონს ,,ბასიანს‘‘  პირველად ქართული ფეხბურთის ისტოირიაში, მისცა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის  თასზე თამაშის შესაძლებლობა. ჩვენ ეს ფაქტი უდიდეს იმედს და მოტივაციას გვაძლევს. გაგვიჩნდა ამბიცია, მაქსიმუმი გავაკეთოთ, ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, რათა ვასახელოთ აფხაზეთიც და მოყვარულთა ლიგაც.‘‘

საკუთარ შვილთან ერთად, სწორედ აფხაზეთის გუნდში თამაშობს  65  წლის  მოყვარული ფეხბურთელი ბონდო  ჯობავა, რომელმაც 34 წელი აფხაზეთში იცხოვრა. გუნდის ყველაზე უხუცესი მონაწილე 70-80-იან წლებში აფხაზეთის პირველობაზე ასპარეზობდა, მისი შვილი ირაკლი კი სოხუმის ცხუმის  რიგებში 2001-03 წლებში გამოდიოდა.

,, ხშირად მესიზმრება აფხაზეთი, განსაკუთრებით კი მშობლიური სოხუმის  ზღვის სუნი, სანაპირო, ჩემი სახლის ეზო. საოცარი ნოსტალგია მაქვს ამ კუთხის და ბავშვობის მოგონებებშიც ხშირად ჩავიძირებიხოლმე. თანაგუნდელების  დახმარებით  ამ მონატრებას რაღაცნაირად ვივსებ. თამაში შეიძლება დასრულდეს, ზოგჯერ მოიგებ, ზოგჯერ წააგებ, მაგრამ გრჩება ყველაზე მთავარი: ურთიერთობები, სიყვარული და პატივისცემა, რაც ჩვენს გუნდში ნამდვილად იგრძნობა. მოყვარულთა ლიგა იმაზე დიდ ფასეულობას გვაძლევს, ვიდრე მხოლოდ ფეხბურთის თამაშია. აქ გავიცანი უამრავი ღირსეული ადამიანი, რომლებთანაც მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ამაზე დიდი ბედნიერება ნამდვილად არ არსებობს. ხშირად ვიკრიბებით ჩემთან სახლშიც და უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გვაქვს ერთმანეთისადმი. ‘‘

გასული წლის საუკეთესო ბომბარდირი, რეკორდული, 23 გოლის ავტორი ირაკლი ლეფსაია,   აღნიშნავს, რომ  ყოველ გატანილ გოლს  სპეციალური რიტუალით  აღნიშნავენ  და აფხაზეთის  ომში დაღუპული გმირების  ხსოვნას  უძღვნიან.

,,გუნდი ,, აფხაზეთი ‘‘  პირველ რიგში ფეხბურთის დიდმა სიყვარულმა გააერთიანა. მოყვარულთა ლიგამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ის  ახალგაზრდები, რომლებიც ვთამაშობდით ფეხბურთს და რიგი მიზეზების გამო მოგვიწია თავის დანებება, კვლავ დავბრუნებოდით  ჯანსაღი ცხოვრების წესს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო გუნდის კაპიტანი, მეკარე ლევან სულუხია, რომელიც არის ჩვენი სული და გული, ადამიანი, რომელიც გვაძლევს უდიდეს მოტივაციას, ყოველი ვარჯიშის, თამაშის დაწყების წინ  გავვერთიანდეთ ერთი იდეის ქვეშ და ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის. ‘‘

GAFA.GE ასევე ესაუბრა გუნდს მთავარ მწვრთნელს ზურაბ კვესელავას, რომელმაც  ,,აფხაზეთი ‘‘ - ს შექმნის ისტორია, სამომავლო გეგმები შეაფასა და ყურადღების მიღმა გულშემატკივრების გამორჩეული აქტიურობაც არ დატოვა.

,,გუნდი იმ შვიდმა ფეხბურთელმა ჩამოვაყალიბეთ, რომლებიც  ,,სოხუმის ცხუმში‘‘ იქმნიდით საფეხბურთო კარიერას, შემდეგ შემოვიკრიბეთ ჩვენი თანაგუნდელები და აფხაზეთიდან დევნილებიც, რომლებსაც ფეხბურთი უყვართ.

წლებია, რაც მოყვარულთა ლიგასთან ერთად სპორტული დღის წესრიგით ვცხოვრობთ. თამაში დავიწყეთ პირველ ლიგაში  და  უკვე მესამე წელია, რაც უმაღლეს ლიგაში დავწინაურდით. ისეთი ბირთვი  ჩამოვაყალიბეთ, რომ საჩემპიონო ამბიციაც გაგვიჩნდა. ვფიქრობ,  წელს  საუკეთესო ფორმაში ვიმყოფებით და  მოასპარეზე გუნდებისთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვართ.

გავსებულიახოლმე ჩვენი თამაშის დროს მოედანი გულშემატკივრებით, რაც ჩვენთვის უდიდესი სტიმულია, რათა ბოლომდე გავიხარჯოთ და აფხაზეთის სახელი მთელი სქართველოს მასშტაბით ღირსეულად წარმოვაჩინოთ.‘‘

საკუთარი ემოციები გაგვიზიარა გუნდის აქტიურმა და ერთგულმა გულშემატკივარმა ქრისტინა ჩხარჩხაიამაც.

,,ნებისმიერ სპორტში გულშემატკივრის როლი უდიდესია, მაგრამ პირადად მე ბავშობიდან, გამორჩეულად მიყვარს ფეხბურთი. მეოთხე წელია რაც გუნდ აფხაზეთს ვგულშემატკივრობ, ხშირად ყოფილა მომენტი, დაძაბული თამაშის დროს ცრემლებიც კი წამომსვლია. მინდა უდიდესი წინსვლა და წარმატებები ვუსურვო ამ გუნდს და მთლიანად მოყვარულთა ლიგას.‘‘

 

სპონსორები და პარტნიოები