STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

ბაქარ ადამია: ,,ფეხბურთი დამეხმარა ჩემი პიროვნების გაკეთილშობილებაში, მოედანზე პაექრობისას ვიცლები ყველანაირი ნეგატივისგან“

სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია იწყებს სოციალურ კამპანიას #ჩემილიგა, რომლის
მიზანია მოყვარული ფეხბურთელების საზოგადოებისთვის გაცნობა და მათი
ჩართულობით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში, GAFA.GE ერთ-ერთ გამორჩეულად აქტიურ
ფეხბურთელს, კლუბ ,,ვაკე- ს კაპიტანს, ბაქარ ადამიას ესაუბრა. სპორტსმენი 6 წლიანი
პაუზის შემდეგ ჯანსაღ ცხოვრებას სწორედ მოყვარულთა ლიგის დახმარებით
დაუბრუნდა.

GAFA.GE : როდის დაიწყეთ  ფეხბურთის თამაში და როგორ აღმოჩნდით მოყვარულთა ლიგაში?

ბაქარ ადამია: ფეხბურთს 6 წლიდან ვთამაშობდი. დიდი იმედგაცრუების შემდეგ პროფესიული კარიერა  ადრეულ ასაკში დავასრულე. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ფეხბურთს 5-6 წლით ჩამოვშორდი.

 ერთ დღესაც, სრულიად შემთხვევით, მეგობარმა მითხრა მოყვარულთა ლიგის შესახებ და მთხოვა მეთამაშა გუნდში, რომელსაც ჰქვია -  ,, ვაკე “. აქედან განახლდა ჩემი სიყვარული ფეხბურთისადმი და შეგნებული ხედვა ამ სპორტისადმიმოყვარულთა ლიგის დახმარებით ბევრი რამ სხვაგვარად შევაფასე.

როდესაც მოყვარულთა ლიგას შევუერთდი, პირველ წელს ვიწროდ ვუყურებდი ჩემს მისიას - მხოლოდ ის მამოძრავებდა, რომ ვინმესთვის მომეგო. შემდეგ გავიაზრე, რომ  გუნდი, რომელიც ამ ლიგას ქმნის, ამ ყველაფერს არა საკუთარი თავისთვის, არამედ ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, მომავალი თაობისთვის აკეთებს. მახარებს ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად ჩართულობა იზრდება -  ამ ყველაფერში თითოეული ჩვენგანის წვლილიც დევს. რეალურად, ლიგა არის ჩვენი. ჩვენ, ყველა ერთად ქმნით ჯანსაღ ცხოვრებას და დღითიდღე უფრო მეტ ადამიანს ვიზიდავთ.

GAFA.GE :  რა შეცვალა მოყვარულთა ლიგამ თქვენს ცხოვრებაში?

ბაქარ ადამიამოყვარულთა ლიგამ, პირველ რიგში ფეხბურთის სიყვარული და საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა.

სტადიონზე, როდესაც გავდივარ და ვიხარჯები, ვხვდები, რომ ბედნიერი ვარ. თამაშის შემდეგ იმდენად დაცლილი ვარ ნეგატიური ემოციებისგან, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, არაკონფლიქტური ვხდები. მოედანზე ისე ვიხარჯები ემოციურად, რომ გარე პრობლემებსაც სტადიონზე ვტოვებროგორი დაღლილი და ნარბენიც არ უნდა ვიყო, უფრო ლაღი და თავისუფალი ვუბრუნდები ოჯახს.

მივხვდი, რომ ფეხბურთი დამეხმარა ჩემი პიროვნების გაკეთილშობილებაში, მოედანზე პაექრობისას ვიცლები ყველანაირი ნეგატივისგან.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფეხბურთში ახლიდან ჩართვამ წამართვა ის თავისუფალი დრო, რომელიც არაჯანსაღი ცხოვრებისკენ მიბიძგებდა. მოყვარულთა ლიგამ გამფილტრა ყველანაირი მავნე მიდრეკილებებისგან და მასწავლა, რომ მეგობრებთან ერთად ამ საქმის კეთებით მივიღო სიამოვნება, შევქმნა ისეთი ღირებული რამ, რასაც ჩემს შემდეგ თაობას დავუტოვებ.

GAFA.GE :  რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ სპორტულ ცხოვრებას ?

ბაქარ ადამია:  ფეხბურთი ყველასია და არ შეიძლება ბავშვს, თუნდაც არასასურველი წონის გამო, მოტივაცია დავუკარგოთ. თითოეული ადამიანი ყოველი დღით ბედნიერი უნდა იყოს. პირადად მეც, ბავშვობაში, ბევრჯერ არ მომსურვებია სავარჯიშოდ წასვლა, რადგან თამაშის დროს დაშვებული შეცდომებისას არასასურველ შენიშვნებს ვიღებდი მწვრთნელისგან, რაც, საბოლოო ჯამში, ჩემს მოტივაციაზე უარყოფითად მოქმედებდა.

ყველას, ჩემ თანატოლებს, მათ ვისაც შვილები ჰყავთ, გოგონებს თუ ბიჭებს - ყველას ერთ რამეს ვურჩევდი: არასოდეს, არც საკუთარ თავს და არც შვილებს არ უთხრან, რომ აუცილებლად ლიონელ მესის მსგავსი წარმატებული ფეხბურთელები უნდა გახდნენ. ეს იწვევს დიდ იმედგაცრუებას. მთავარი არის, ჯანსაღი ცხოვრება და, კონკრეტული სპორტის სახეობიდან, საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.

GAFA.GE : რა განსხვავებაა პროფესიონალურ ფეხბურთსა და სამოყვარულო ფეხბურთს შორის?

ბაქარ ადამიაპროფესიონალურ ფეხბურთსა და სამოყვარულო ფეხბურთს შორის გარკვეული სხვაობა სწორედ მიდგომებიდან გამომდინარეობს: აქ, მოყვარულთა ლიგაში, სპორტსმენი ანაზღაურების გამო კი არ თამაშობს, არამედ ფეხბურთის გულწრფელი სიყვარულისა და პატივისცემის გამო გადის მოედანზე. პროფესიულ ფეხბურთში კი უფრო შემოსავალზე არიან ორიენტირებულნი.

GAFA.GE : რას ნიშნავს თქვენთვის მოყვარულთა ლიგა?

ბაქარ ადამიამოყვარულთა ლიგა ჩემი ცხოვრების წესია. ჩემი უფროსი და უმცროსი ძმებიც აქ თამაშობენ.  გუნდში პატივს ვცემთ და ვიზიარებთ ერთმანეთის შეხედულებებს. შეკრული გუნდი ვართ, თითოეული კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, რადგან ვართ თანაგუნდელები, 15 წლიდან ერთად ვთამაშობდით თბილისის დინამოს აკადემიებში. შემდეგ დავიშალეთ, მაგრამ სწორედ მოყვარულთა ლიგის დახმარებით შევძელი ამ ძველი მეგობრების და თანაგუნდელების ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაერთიანება.

მეგობრები როდესაც სტადიონზე  გავდივართ  ერთმანეთს ვუზიარებთ ემოციას და ვუდგებით გვერდით, ვთამაშობთ ერთი მოტივაციით, ყველანაირად ვეხმარებით ერთმანეთს, ვუსწორებთ შეცდომებს და ისეთ უნარ-ჩვევებს გამოვიმუშავებთ ფეხბურთით და ზოგადად გუნდური სპორტით, რაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან დეფიციტურია.

GAFA.GE :  როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ბაქარ ადამიამინდა ,,ვაკე“ ყველაზე ცნობილი და წარმატებული კლუბი გახდეს, არა მხოლოდ შედეგიანი მატჩებით, არამედ სხვა სოციალური აქტივობებითაც. ვეცდებით, რომ  საზოგადოებისთვის და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის აუცილებელ სოციალურ აქტივობებში მივიღოთ მონაწილეობა.

ჩვენი კლუბის ბაზაზე მსურს ჩამოვაყალიბო ბავშვთა სკოლა, სადაც პრიორიტეტი იქნება იმ ღირებულებების მიცემა, რაც გუნდურ ფეხბურთს ახასიათებს. იმის შთაგონება, ომ არ არის აუცილებელი ყველა დიდი ფეხბურთელი გახდეს, მთავარი არის, რომ გვიყვარდეს ფეხბურთი, გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიყოთ მნიშვნელოვანი ადამიანები და პატივს ვცემდეთ ერთმანეთს.

მთელი არსი არის ის, რომ 5-6 წლის ბავშვები მოვწყვიტოთ ქუჩას და ,,მოვწამლოთჯანსაღი ცხოვრების წესითა და ფეხბურთის სიყვარულით.

GAFA.GE : და ბოლოს, როგორ ფიქრობთ არის თუ არა შესაძლებელი წარმატებული სპორტული კარიერის კვალდაკვალ ხარისხიანი განათლების მიღებაც?

ბაქარ ადამიარაც შეეხება განათლებასჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ არასოდეს სწავლა არ მიმიტოვებია. სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე. წარმატებით დავასრულე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო მიმართულებაც. ჩემი რამდენიმე თანაგუნდელიც ზუსტად ჩემნაირად უდგებოდა სწავლის საკითხს. ეროვნულ გამოცდებზე როდესაც გავდიოდით, მეც და ჩემი მეგობრებიც, იმ პერიოდში თბილისი ,,დინამო‘‘- დუბლ შემადგენლობაში ვიყავით, შეკრება გვქონდა, რომლის დატოვებაც არ შეიძლებოდა, მაგრამ მწვრთნელს ვთხოვდითხოლმე, 2 საათით ვეთავისუფლებოდით და გამოცდებზე რეალურად ძალიან დაღლილები მივდიოდით.    აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის და განათლება  ადამიანის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

სპონსორები და პარტნიოები